This is an archive copy of wikilivres.ca as of 18 February 2017 (from the WikiTeam dump). The original site is closed.
არ მინდა სიტყვა …
Jump to navigation
Jump to search
| არ მინდა სიტყვა … written by გალაკტიონ ტაბიძე |
| Link to further information |
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?
| Works by this author are in the public domain in countries where the copyright term is the author's life plus 66 years or less. cs | de | en | eo | es | fr | he | pl | ru | zh |